"მთელი ხერსონი ადგა და უარი უთხრა რუსულ საჭმელს, ყველაფერი გადაყარეს" | უკრაინაში მცხოვრები ქართველები

გამოქვეყნდა:

ომის მეათე დღე - უკრაინაში, საომარ ზონაში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან. ქალაქ ხერსონში მყოფი მოქალაქეები ყვებიან, რომ ისინი ოკუპანტი ქვეყნის ჰუმანიტარულ დახმარებას არ მიიღებენ. 

მათი ინფორმაციით, დღეს დილით შეტანილი პროდუქცია, რომელიც რუსული წარმოების იყო, ნაგავში გადაყარეს. მათივე თქმით, რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს, ხერსონში მოქალაქეებს ოკუპანტების გამოჩენა "უხარიათ".

"ეს ადამიანები ამბობენ უარს: რუსულ საჭმელზე, რუსეთის დახმარებაზე, რუსეთის აქ ყოფნაზე და "რუსკი კარაბლ იძი ნახ*ი". საწვავი არ გვქონდა და ახლა მოგვცეს და რიგი დგას. გუშინ ხერსონში იყო სროლები, აფეთქებები. გუშინ შემოიტანეს ჰუმანიტარული დახმარება ხერსონში, მთელი ხერსონი ადგა და უთხრა უარი რუსულ საჭმელებს, ყველაფერი გადაყარეს, გადმოყარეს. ჩვენი ტელევიზიიდან აძლევდნენ კადრებს, რომ ვითომ ჩვენ გვიხარია მაგათი მოსვლა. ჩვენ არ გვიხარია. ჩვენ გვირჩევნია მშიერი მოვკვდეთ, ვიდრე მაგათი საჭმელი ვჭამოთ", - ამბობს ხერსონის მცხოვრები, ელიკო მარკელია

საომარ ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ჰქონდათ საწვავის მარაგი და დღეს შეივსო. მათი თქმით, ისინი საცხოვრებლებს დატოვებენ, მაგრამ მხოლოდ დროებით. 

ცნობისთვის, რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს, ხერსონში მოქალაქეებს ოკუპანტების გამოჩენა "უხარიათ".

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი