უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დღეს, 10 მარტს ჰუმანიტარული დერეფანი 6 მიმართულებით გაიხსნება:
"დღეს ჰუმანიტარული დერეფანი კიდევ 6 მიმართულებით გაიხსნება, მობილიზებულია ავტობუსები და კერძო მანქანები, ევაკუაციის პროცესში ჩაერთვებიან თავად მოქალაქეები და საკუთარი მანქანებით ადამიანების წამოყვანას შეეცდებიან. ევაკუაცია განხორციელდება მარიუპოლიდანაც", - თქვა მან.
რუსეთი და უკრაინა დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა წინა დღეებშიც, ევაკუაციის დროს რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა მაინც დაიწყო.
გარდა ევაკუაციისა, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის გადამცემი ხაზია დაზიანებული. უკრაინა ითხოვს სარემონტოდ ადგილზე ჯგუფი დაუყოვნებლივ შეუშვან:
"ამასთან, მინდა შეგატყობინოთ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ აღებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის გადამცემი სპეციალური ხაზი დაზიანდა, რის გამოც ენერგობლოკები კვების წყაროს გარეშეა დარჩენილი. მოვუწოდებ, დაზიანებული ადგილის შესაკეთებლად დაუყოვნებლივ შეუშვან სარემონტო გუნდი, ასევე მივმართავ მსოფლიოს, ყურადღება გაამახვილონ აღნიშნულ საკითხზე"- ამბობს ვერეშჩუკი
ბოლო მონაცემებით, უკრაინა უკვე 2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.