რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. ინფორმაციას ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, 6 მოქალაქე კი დაშავდა.
"რუსები აგონიაში იყვნენ. სიღრმეში ვერ შეაღწიეს და დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება. ფოსფორის ბომბები ჩამოაგდეს. მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს", - ამბობს გაიდაი.
ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, კრემენნაია, ნოვოდრუჟესკი, ვოევოდოვკა. შედეგად დაზიანდა 31 ობიექტი, მათ შორის 10 ბინა და 13 კერძო სახლი. 16-ში შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის ლუგანსკში 14 დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეუწყდა, 21-ს კი მთლიანად. ელექტროენერგიის გარეშეა 101 526 მომხმარებელი. გაზი არ მიეწოდება 27 დასახლებას, აქედან 5-ს ნაწილობრივ, ხოლო 22-ს მთლიანად.