საიდან იცის "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო ადრე, ვიდრე ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვერდიქტი გახდება ცნობილი? - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია განმარტებებს ითხოვს.
ნიკა გვარამიამ Facebook-ზე სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მდინარაძემ, სახელისუფლებო არხის ეთერში წინასწარ დააანონსა, რომ სტრასბურგის სასამართლო, მესამე პრეზიდენტის სარჩელს დასაშვებად ცნობს და "ნაციონალური მოძრაობა" ამ გადაწყვეტილებას გამარჯვებად გამოაცხადებს".
"აუცილებლად მოგიწევთ განმარტებების გაკეთება იუსტიციის სამინისტროს და მდინარაძეს, საიდან იცით წინასწარ სასამართლო რას და როგორ იზამს. ასეთი დასაბუთებული ეჭვები ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით უკვე იყო რ2ის საქმეზე, ახლა უკვე დასაბუთებაც არ სჭირდება. ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს ეროვნულ მოსამართლესაც (ლ. ჭანტურია) და საქმეზე მომუშავე სასამართლოს ქართველ სტაფერებსაც", - დაწერა ნიკა გვარამიამ Facebook-ზე.