არ წავბილწავ შენს საფლავს, ამასაც არ იმსახურებ - გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ მიმართა

გამოქვეყნდა:

გიორგი გაბუნიამ "პოსტ ფაქტუმის" ეთერიდან კიდევ ერთხელ მიმართა ვლადიმერ პუტინს და მას, მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სიკვდილი უსურვა.

ჟურნალისტმა თავისი მონოლოგი დაიწყო გიორგი რურუას წერილის ციტირებით, რომელიც რურუამ მას ციხიდან, მხარდაჭერის გამოსაცხადებლად გამოუგზავნა. 

არ არსებობს შენი პრინციპებისა და სამშობლოსთვის სიკვდილზე დიდი პატივი... პატივია შენი ქვეყნის მტრების განადგურება, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე! - ვკითხულობთ გიორგი რურუას წერილში. 

გაბუნია აღნიშნავს, რომ გიორგი რურუა ჩვენს ხელისუფლებას ციხეში ჰყავს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებელია და ფინანსურად ეხმარებოდა ანტი-რუსულ აქციებზე, თვეების განმავლობაში მდგომ ახალგაზრდებს. 

კი... მეც ბრძოლის ველზე ვარ; ჩვენ ბრძოლის ველზე ვართ - ეს არ არის ჩემი პირადი ბრძოლა. ეს არის ქართველების დიდი ომი დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკვე საუკუნეები და თაობებია გრძელდება, - ამბობს გაბუნია.

ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ამ ბრძოლაში მისი იარაღი მისივე სიტყვაა, ისევე, როგორც სამხედროსთვის ცეცხლსასროლი იარაღი. 

მე სიტყვის ჯარისკაცი ვარ, - ამბობს გიორგი გაბუნია

მისი თმით, მისი სიტყვები ეკუთვნის პირადად პუტინს და მის მონებს და არა მთელ რუს ერს და იგი არ სვამს ტოლობის ნიშანს ვლადიმერ პუტინსა და რუსულ ნაციას შორის, რადგან პატივს სცემს რუს ხალხს და უყვარს მათი კულტურა.

გაბუნიასთვის არც რუსეთის პრეზიდენტის ერთგული გოშია, რამზან კადიროვი განასახიერებს ჩეჩნეთს. მისთვის ნამდვილი, დამოუკიდებელი, ვაჟკაცი, გმირი ჩეჩნების სახე ჯოხარ დუდაევია. 

მე პატივს ვცემ და მიყვარს ნამდვილი, ღირსეული ჩეჩნები. და არა კუდამოძუებული კადიროვი, რომელსაც თავისი პატრონის, პუტინის გარეშე ერთი რიგითი „დვარნიაშკის“ ფასიც კი არ აქვს, - აცხადებს იგი. 

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ქართველი ერი ამ დღემდე სწორედ იმის წყალობით მოვიდა, ამდენი საუკუნის მანძილზე საბოლოოდ ვერასდროს დაგვაჩოქეს. 

ამბობს, რომ ვერ მიბაძავს დღევანდელ ხელისუფლებას და ცოცხალი არასდროს დაიჩოქებს. 

მე ცოცხალი არასდროს დავიჩოქებ. მომკლან და მკვდარი დამაჩოქონ... თუ შეძლებენ. მე სიკვდილის დიდად არც მანამდე მეშინოდა... - ამბობს გაბუნია. 

ჟურნალისტს სჯერა, რომ საქართველოს უდიდესი ნაწილი იმავეს ფიქრობს ვლადიმერ პუტინზე და თავმოყვარე, ღირსეული ქართველები დაძლევენ ეჭვებს, შიშს და ერთად დადგებიან დამპყრობლის პირისპირ, ისინი არ აპატიებენ ჩვენს ხელისუფლებას ასეთ შეშინებულ და დამონებულ პოზიციაში ყოფნას და, უფრო მეტიც, იმის მცდელობას, რომ მთელი მოსახლეობა ამავე პოზიციაში ამყოფონ. 

მის თქმით, მტრისგან არც პატიებას და არც დანდობას ელის და ბრძოლას მეგობრებთან ერთად აგრძელებს. 

ჩემო ძვირფასო ვალოდია, ვოვაჩკა, დავფიქრდი და არ წავბილწავ შენს საფლავს, კი დაგპირდი, მაგრამ ამას არ ვიზამ, შენ ქართულ მ...ესაც არ იმსახურებ, - მიმართა გიორგი გაბუნიამ მონოლოგის ბოლოს ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი