"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტისთვის მზად არიან, თუმცა ამისთვის წინაპირობები არსებობს.
კობახიძის მტკიცებით, უკრაინის მხრიდან საქართველოს "სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი ნაბიჯები გადაიდგა", რაც მისი თქმით, უკავშირდება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას, როგორც კობახიძე ამბობს, უკრაინა "დღემდე დემარშის მდგომარეობაში რჩება". ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, კონტრაბანდაზე გაკეთებული განცხადებისთვის, უკრაინას შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.
კობახიძის თქმით, ცრუ ბრალდებების სათავე კი არის, რომ საქართველოში "რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან".
კობახიძე სწორედ ამ სამ პირობას ასახელებს, "ვითარების შესაცვლელად":
„რა თქმა უნდა, ამაზეც იყო წინასწარი კონსულტაციები. არსებობს ზოგადი მზაობა იმის შესახებ, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი. თუმცა, აქ არის, ძალიან მკაფიო წინაპირობები და ყველამ ვიცით, რას უკავშირდება ეს წინაპირობები. სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გასული პერიოდების განმავლობაში. საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და და არა იგივე, თუნდაც მმართველი გუნდისთვის შეურაცხყოფაზე, ეს ამ შემთხვევაში, მეორე ხარისხოვანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, როდესაც ხდება სახელმწიფოს შეურაცხყოფა ასეთ დროს, საჭიროა პოზიციის დაფიქსირება და ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს. ჯერ იყო გაწვევა კონსულტაციებზე, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის ელჩი საქართველოში.
დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. ასე გამოდის. ყოველშემთხვევაში, ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს. რა თქმა უნდა, ეს ვითარება შესაცვლელია, ეს არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხი.
მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით. შემდეგ შერბილებული განცხადებებიც მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ ეს არ არის საკმარისი. როდესაც ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, რაც ჩვენ არცერთი და არც მეორე არ მოგვისმენია. შესაბამისად, ეს საკითხი რჩება აქტუალური.
მესამე - ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე, ამ ცრუ ბრალდებების და, ელჩის გაწვევის სათავე და ა.შ. არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, ესენი არიან, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი.ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორის მრჩეველი. გია ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და დავით არახამიამ, პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე...
ეს არის დღევანდელი მდგომარეობა,რასაც ბუნებრივია, სჭირდება ცვლილება.ეს არის სამი პრინციპული საკითხი. როგორც კი ჩვენ დავინახავთ პროგრესს ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, შეიძლება ასევე ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის განხორციელებაზე“, - თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინულ მხარეს არ უყენებს ულტიმატუმს, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მეგობრული ჟესტი იქნება:
"სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე იყვნენ ტერორისტული სისტემის შემადგენელი ნაწილი საქართველოში, რატომ არის შეუძლებელი მათი გათავისუფლება? - თუ ეს სურვილი დაფიქსირდება, ბუნებრივია, უმაღლეს დონეზე განხორციელდება ვიზიტი უკრაინაში" - თქვა თავმჯდომარე კობახიძემ თავის საგანგებო ბრიფინგზე.
იხილეთ ასევე: