მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ციხის დირექტორს დაავალა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევა, თუმცა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში ექიმების მოსმენისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მათი შეშვების თაობაზე.
"სასამართლო ავალდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა", - თქვა მოსამართლემ.
უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ მას შეახსენა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს უკვე 3-ჯერ აქვს მიღებული, თუმცა მოცემულობა არ იცვლება.
მოსამართლემ პასუხად აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სასამართლო კი აღნიშნულზე დამატებით ინფორმაციას მოითხოვს უწყებისგან, თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ.
გარდა ამისა, ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა მეორე შუამდგომლობა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ადვოკატ ნიკა გვარამიას განმარტებით, მესამე პრეზიდენტისთვის ჯანმრთელობის უფლებაზე უარის თქმა, კონევნციურად წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობას უტოლდება, ამიტომ ამაზე ახალი გამოძიება უნდა დაიწყოს.
იხილეთ ასევე: