თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი იყოს, დღეს სურს ნეიტრალური დარჩეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს სარისკო ფსონია, რადგან ყველაფერს დაკარგავენ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისია, რადგან ამის შემდეგ კრემლი სხვა სახელმწიფოების ხელში ჩაგდებასაც შეეცდება.

როგორც მან ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, დღეს ნეიტრალური პოზიციის დაკავება იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც შეიძლება, რუსეთის თავდასხმის შემდეგი სამიზნეები გახდნენ, სარისკოა, რადგან "ისინი ყველაფერს დაკარგავენ".

"დღეს, რუს სამხედროებზე მითითებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ამოცანა ახლა უკრაინის სამხრეთზე კონტროლის დამყარებას და მოლდოვის საზღვართან მისვლაა. თითქოს იქ, მოლდოვაში, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანი ადამიანების უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია - სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, უბრალოდ არ არსებობს განსხვავებული აზრის უფლება, სადაც სიღარიბე ხარობს და სადაც ადამიანის სიცოცხლე უსარგებლოა. ისინი ჩვენთან ომში მოდიან, რომ მოიპარონ თუნდაც ის, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებას წააგავს.

ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რაც არაერთხელ მითქვამს: რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისი იყო, ამის შემდეგ სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ. 

რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ მანამ, სანამ საჭირო იქნება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის დასანგრევად, მაგრამ ყველა ერმა, რომელსაც სჯერა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. ისინი უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები ვართ. და ვინ არის შემდეგი? 

თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი აღმოჩნდეს, სურს დღეს ნეიტრალური დარჩეს, რათა არაფერი დაკარგოს - რეალურად, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ, რომ თქვენ ყველაფერს დაკარგავთ", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი