
რუსმა სამხედროებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში შეტევითი ოპერაციები გააძლიერეს, მაგრამ არანაირი პროგრესი არ აქვთ - ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.
მათი ცნობით, ამის მიზეზი უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრშეტევებია, რაც მტერს მნიშვნელოვნად აფერხებს.
სასტიკი ბრძოლები გრძელდება მარიუპოლისთვისაც. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ეს ანელებს რუსი დამპყრობლების პროგრესს მთელი დონბასის ხელში ჩასაგდებად.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსულ არმიაში ჯარების გადაჯგუფება მიმდინარეობს და ოკუპანტები ყველა მიმართულებით ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე დაუცველი ადგილების იდენტიფიცირებას ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად. ეს ხდება განსაკუთრებით დონეცკში.
შეგახსენებთ, რუსეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის „მეორე ფაზაში“ დონბასის და სამხრეთ უკრაინის სრულ ოკუპაციას გეგმავს. რუსეთისთვის დონბასზე კონტროლი შექმნის სახმელეთო დერეფანს ოკუპირებულ ყირიმამდე.