
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყანაში უკვე 213 ბავშვია დაღუპული, 389-ზე მეტი კი დაშავდა.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 122, კიევის ოლქში - 114, ხარკოვის ოლქში - 91, ჩერნიგოვის ოლქში - 66, ხერსონის ოლქში - 44, მიკოლაევის ოლქში - 43, ლუგანსკის ოლქში - 37, ზაპოროჟიეს ოლქში - 27, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
"23 აპრილს, აგრესორის მიერ ოდესის საცხოვრებელი რაიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა დედა 3 თვის ჩვილთან ერთად;
23 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი გოგონა - დონეცკის დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები;
23 აპრილს, მიკოლაევის ოლქში, სოფელ ნოვოკიევკაში 9 წლის ბიჭი და 17 წლის გოგონა დაშავდნენ რუსლი ნაღმების აფეთქების შედეგად;
22 აპრილს, ზაპოროჟიეს ოლქში, ვასილივკას რაიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა;
22 აპრილს, კიევის ოლქში, ბუჩას რაიონში ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების გამოძიების დროს, 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს", - აცხადებენ პროკურატურაში.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 500 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 102 მთლიანად განადგურებულია.
ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.