
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა და რუსი ოკუპანტების მიერ ქვეყანაში ჩადენილ სისასტიკეზე ისაუბრა.
ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ოდესაში, მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც 3 თვის ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა და თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც მომხდარზეა პასუხისმგებელი, უმკაცრესად დაისჯება.
"მშვიდობიანი მოქალაქეები რუსების მთავარი სამიზნეა, მათ შორის ბავშვები. გუშინ ოდესაში მიტანილ იერიშს 3 თვის ბავშვი ემსხვერპლა. რით დაემუქრა ის რუსეთს? როგორც ჩანს ბავშვების მოკვლა რუსეთის ფედერაციის ახალი ეროვნული იდეაა.
დარტყმა განხორციელდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მიერ, რომელიც ბაზირებულია კასპიის ზღვის რეგიონში. ორი რაკეტის ჩამოგდება შევძელით და დარჩენილი სამი მშვიდობიან ქალაქს დაეცა, მათ შორის საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსს.
ჩვენ დავადგენთ ყველა იმ ადამიანის ვინაობას, ვინც პასუხისმგებელია ამ დარტყმაზე, რუსულ სარაკეტო ტერორზე, ვინც გასცემს ბრძანებებს და ვინც ამ ბრძანებებს ასრულებს. ისინი ვერსად დაიმალებიან. ჩვენ მათ ვიპოვით რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს. ყველა ნაძირალა აგებს პასუხს თითოეულ დაღუპულ ადამიანზე", - თქვა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ ის, რაც კრემლმა უკრაინაში გააკეთა, საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ მსოფლიომ რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს.
"რუსეთმა უკრაინას უკვე ესროლა თავისი სარაკეტო არსენალის უდიდესი ნაწილი. მათ კიდევ დარჩათ რაკეტები და შეუძლიათ შეტევების გაგრძელება, მაგრამ რაც მათ უკვე გააკეთეს, საკმარისი არგუმენტია მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი გამოცხადდეს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ, რუსეთის არმია კი ტერორისტულ ორგანიზაციად.
ფარდა ეხდება ოკუპანტების დამატებით დანაშაულებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მარიუპოლში. ნაპოვნია ახალი მასობრივი სამარხები. საუბარია ათობით ათას მოკლულ მარიუპოლელზე. არსებობს ჩანაწერები, რომლებშიც ოკუპანტები განიხილავენ, როგორ დამალონ თავიანთი დანაშაულები.
რუსეთი აგრძელებს ე.წ. საფილტრაციო ბანაკების პოლიტიკას, განსაკუთრებით მარიუპოლის მახლობლად, თუმცა მათი სახელწოდება სინამდვილეში არის საკონცენტრაციო ბანაკები. ისეთები, როგორიც ნაცისტებს ჰქონდათ თავის დროზე. უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც გადაურჩნენ ამ ბანაკებს, აგზავნიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთის ფედერაციაში", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.