
რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში ორ-სამ კვირაში დასრულდება. ამის შემდეგ შესაძლოა აქტიური საომარი მოქმედებები შეწყდეს და ომი გადავიდეს პოზიციურ ფაზაში - აცხადებს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი „მედუზასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ახლა რუსული ძალები აქტიურად მიიწევენ აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ მათთვის პრობლემაა, რომ ეს არის არახელსაყრელი ტერიტორია შეტევისთვის და იქ თავმოყრილი ძალები არ არის საკმარისი მოსაგებად.
არესტოვიჩის თქმით, რუსების ამოცანა ახლა, თავდაპირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ, არის გამოაცხადონ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების აღება გამარჯვებად. როგორც არესტოვიჩი ამბობს, რუსეთის მთავარი ამოცანა ახლა სანქციების მოხსნაა - "მათ უნდა უთხრან რაღაც რუს ხალხს ორთვიანი ომის ბოლოს. მეტიც, მათ უნდათ გამოაცხადონ გარკვეული გამარჯვებები, როგორც მოსალოდნელია“.
მისივე თქმით, რუსეთს აღმოსავლეთში მობილიზებული "წინასწარი ოპერატიული რეზერვებიდან" დარჩათ მხოლოდ 15 000-მდე "დაღლილი ჯარისკაცი", რომლებიც კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ბრძოლებში მონაწილეობდნენ.