რაჭის ტყე 49-წლიანი ვადით ხელისუფლებამ რუსეთიდან დაბრუნებულ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს გადაუფორმა. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, რომელსაც ახლა რაჭის მესამედი გრძელვადიანი იჯარით აქვს აღებული, ამ რეგიონში სანადირო მეურნეობა უნდა მოაწყოს და კეთილშობილი ირმებისა და კავკასიური ბიზონების პოპულაცია მოამრავლოს.
სახელმწიფოს სულ რაღაც ერთი აუქციონი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, ლიცენზია კი რუსეთიდან დაბრუნებულ ბიზნესმენს სულ რაღაც 5 მლნ ლარად დაუთმეს. რაჭის ფართობი სულ 3 მლდ კვადრატული მეტრია, აქედან 1 მილიარდზე მეტი უკვე იმ ბიზნესმენის საიჯარო საკუთრებაა, რომელსაც პირადად მადლობებს უხდის ივანიშვილი, და რომლის საქმიანი კარიერაც მოსკოვში ოლიგარქ ევტუშენკოვთან ერთად დაიწყო. ევტუშენკოვი ივანიშივლის მეგობარია, რუსული დრონების მთავარი მწამროებელი და სანქცირებული რუსი ბიზნესმენი.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ხიდაშელის საკუთრებაში გადავიდა რიყის დოქებიც, ინვესტიციის ვალდებულებით. წლების წინ მასვე გადაეცა ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა, 12 მლნ ლარის ინვესტიციის პირობით. ოღონდ ხელისუფლებისთვის ასე სასურველ ინვესტორს შეუსრულებელ ვალდებულებებს რატომღაც პატიობენ, და ყველაფერს იმას, რისი დაპატრონებაც ივანიშვილმა ვერ მოასწროს სწორედ მას უთმობენ.
და ბოლოს - რაჭას ბოლო წლებია განსაკუთრებით უმიზნებენ ოკუპანტები, დეფაქტო თუ სამართლებრივი საზღვრების მეორე მხარეს გამალებით აშენებენ სამხედრო ინფრასტრუქტურას. ესეც კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც რატომღაც ხელისუფლებას გამორჩა.