უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ შეშფოთებით უყურებს.
ამასთან დაკავშირებით არესტოვიჩმა ამერიკის ხმასთან ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება არამეგობრულია. როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინის მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველო მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას მიიღებდა და ეს ქვეყნისთვის ისტორიული შესაძლებლობაა.
"მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ. ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. მეორე, მთელი მსოფლიოს და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ, გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები.
ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, თავი მოაწონოს რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის", - თქვა არესტოვიჩმა.