ბაკურიანი ეკოკატასტროფის პირას - "ოცნების" დეპუტატის ბიზნეს-ინტერესები

გამოქვეყნდა:

შიდა კლანური კორუფცია "ქართულ ოცნებაში" - პრემიერ-მინისტრი ნებართვას გასცემს მშენებლობაზე იქ, სადაც მშენებლობა არასდროს შეიძლებოდა და ამ ნებართვას კახა კალაძის მეგობარი იღებს. ბაკურიანში, ტყით დაფარულ ერთ-ერთ ფერდობზე, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება - მშენებელი "ქართული ოცნების" ცნობილი დეპუტატი და თბილისის მერის გარემოცვის წევრი ილია წულაიაა. "მთავარ არხს" ის მხოლოდ ტელეფონით ესაუბრება და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მმართველი პარტიის წევრობა და კალაძესთან მეგობრობა არაფერ კავშირშია მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებასთან.

ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საკურორტო ზონა მალე ბეტონის ჯუგლებად გადაიქცევა. გიორგი გახარიამ, 12 ივნისის განკარგულებით, 10 ათას კვ/მ-ზე, დიდველთან ახლოს, მშენებლობის ნებართვა "ქართული ოცნების" დეპუტატს მისცა. 

''ბაკურიანი რიზორთი'', რომლის მეწილე ილია წულაიაა, უპრობლემოდ იღებს ყველა პროექტს, რომლის განხორციელებაც კომპანიას სურს, მიზეზი კი ილია წულაიასა და "ოცნების" მაღალჩნოსნების კავშირებია.

ზამთრის სეზონი ბაკურიანში უწყლობის გამო ერთხელ უკვე ჩავარდა, ახლა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე მშენებლობების გამო დამსვენებლები საკურორტო ზონას ზაფხულშიც აღარ ეწვევიან. 

სასტუმროსა და აპარტამენტის მშენებლობისთვის მთავრობამ "ქართული ოცნების" დეპუტატს სრული კომფორტი შეუქმნა. 10 ათას კვ/მ-ზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა ბოლო 11 წლის განმავლობაში არ გაცემულა, ახლა ზონალური ცვლილება განხორციელდა.

აქამდე სასტუმროსა და საცხოვრებელი სახლის აშენება იმ მოტივით იკრძალებოდა, რომ ტერიტორიაზე ტყის საფარი იყო. ახლა კი "ქართული ოცნების" დეპუტატი ორბლოკიან შენობას აშენებს, რომელიც სასტუმროდ და საცხოვრებელ კორპუსად იყოფა. სასტუმრო 17 ნომრისგან შედგება, ყველაზე საინტერესო კი საცხოვრებელი ნაწილია, სადაც ილია წულაია 10 სტუდიური ტიპის, 10 ოროთახიან და 30 სამოთახიან ბინას აშენებს, რომელთა გაყიდვაც, ოპოზიციის ვარაუდით, დეპუტატს მთავრობის მიერ იპოთეკურ სესხებზე დაწესებული საშეღავათო პროექტის მიხედვით შეუძლია. ოპონენტების მტკიცებით, ეს ყველაფერი მთავრობასთან კიდევ ერთი სარფიანი გარიგების ნაწილია. 

კომპანიის წარმომადგენლები "მთავარს" უდასტურებენ, რომ მშენებლობა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, რადგან მასშტაბური პროექტის ვადები, "ქართული ოცნების" დეპუტატს მკაცრად აქვს გაწერილი. 

მთავრობა მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე მუდმივად საუბრობს, თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობას მაინც მსხვილ მონოპოლისტებს ანიჭებს. ქართულ რეალობაში იმარჯვებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც კრიზისში-კრიზისს ვერ გრძნობენ. ამ დროს კი ზარალდებიან ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლები, რომლებიც თუნდაც ბაკურიანში თავს მხოლოდ ბინის გაქირავებით ირჩენენ. 

ადგილობრივი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საკურორტო ზონა, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სამიზნე დიდი ხნის წინ გახდა. ხელისუფლებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიების ბიზნეს-ინტერესები კი მათი ვარაუდით, კურორტს საბოლოოდ მიწასთან გაასწორებს. 

ილია წულაია სამუშაო კაბინეტში არ დაგვხვდა. თუმცა, სატელეფონო ინტერვიუს დროს გვიმტკიცებდა, რომ პროექტი კანონის შესაბამისად დამტკიცდა, უპირატესობით არ უსარგებლია და არც ზონალური ცვლილება მომხდარა. ფაქტები კი საპირისპიროს ამტკიცებს. დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ დამკვეთის მოთხოვნა მოქმედი ზონირების ცვილება და საპროექტო ფუნქციური ზონების დასაგეგმარებელი ობიექტების ფუნქციური სახეობების მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანაა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატს საკურორტო ზონაში მის ბიზნეს-ინტერესებზე საუბარი არ სურს, თუმცა ფაქტია, რომ მალე ბაკურიანი ეკოლოგიური კატასტროფისა და ჩაბეტონების საფრთხის წინაშე დადგება. ჩააგდებს თუ არა მასშტაბური სამშენებლო პროექტი ტურისტულ სეზონს, ეს მალე გახდება ცნობილი.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი