კლინიკები დახურვის საფრთხის ქვეშ - ტიკარაძის მორიგი დარტყმა ჯანდაცვის სექტორზე

გამოქვეყნდა:

ტიკარაძის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელმაც შესაძლოა სამედიცინო სექტორი დიდი დარტყმის ქვეშ დააყენოს. მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ მინისტრის ახალი კანონპროექტი კლინიკებს გაკოტრების ზღვარზე მიიყვანს და შესაბამისად, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან პაციენტებიც. ახალი გამკაცრებული რეგულაციები უარგუმენტო და დაუსაბუთებელია კლინიკების ხელმძღვანელებისთვის რომლებიც ღიად ამბობენ, რომ ეკატერინე ტიკარაძის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ისინი უბრალოდ დაიხურებიან, რაც გზას გაუხსნის იმ სამედიცინო ცენტრებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ლობირებს. პარლამენტში წარდგენილმა კანონპროექტმა ოპოზიციის გარდა მმართველი გუნდის ხისტი შეფასებებიც დაიმსახურა.

დეპუტატებისა და მედიკოსების პრეტენზიების მოსმენა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრის ნაცვლად მის მოადგილეს მოუწია. სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა საკანონმდებლო ინიციატივამ ერთნაირად გააბრაზა მმართველი გუნდიც, ოპოზიციაც და ექიმებიც. ამ ცვლილებებით ეკა ტიკარაძის უწყება სამედიცონო სფეროში ახალ რეგულაციებს აწესებს. 

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, თითქმის 300 პროცენტით იზრდება ჯარიმების რაოდენობა. მაგალითად, საბუთების და ისტორიების შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო. უქმდება სასამართლო რგოლი და კლინიკების გადაცდომების საქმეს ჯანდაცვის მაკონტროლებელი უწყება დამოუკიდებლად შეისწავლის. კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, ისინი უბრალოდ დაიხურებიან. თუ სამუშაოს გაგრძელება შეძლეს სამედიცინო პერსონალის განახევრება და ფასების გაზრდა მოუწევთ. რაც საბოლოო ჯამში პაციენტებს დააზაალებს. 

რეგულაციების დამატებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოსახლეობაზე ზრუნვით ხსნის. თუმცა, ვერ აკონკრეტებს, გაზრდილი ფასები და სამედიციონო პერსონალის სიმცირის გამო შეფერხებული სერვისები მომხმარებლის ინტერესებში როგორ შედის. 

თამარ გაბუნიას მიერ გატანილ კანონპროექტს დღეს კომიტეტზე კენჭი არ უყარეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივამ უკმაყოფილება მმართველი გუნდის წევრებშიც გამოიწვია. 

კორუფციის წყარო და ჯანდაცვის სამინისტროს სადამსჯელო რაზმები - ასე აფასებს ოპოზიცია უწყების მიერ წარმოდგენილ სიახლეს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ახალ რეგულაციებს ტიკარაძის უწყება იმ კლინიკების წინააღმდეგ გამოიყენებს, რომლებიც მისი მფარველობის ქვეშ არ იმყოფებიან.

კიდევ ერთი დარგის დამაზიანებელი გადაწყვეტილება ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის დროს რამდენიმე თვის წინ მიიღეს. მაშინ როდესაც 520-ე ბრძანებულება აამოქმედეს და კლინიკებს დაფინანსება შეუმცირეს. რაც პირდაპირ პაციენტებზე აისახა. გაიზარდა ფასები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოპერაციები კი შემცირდა. ამ ცვლილების შემდეგ კარდიო კლინიკები რთულ ოპერაციებს ვეღარ აკეთებენ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევბზე მუშაობენ. ისიც არა ყველა. კლინიკების ხელმძღვანელები იმასაც ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ სამინისტროსგან სიტყვიერი მითითება მიიღო და პაციენტები მხოლოდ რამდენიმე იმ კლინიკაში მიყავთ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ლობირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი