"9 მაისი - რუსეთის სირცხვილის დღე" - ამ სახელწოდებით ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციას პუტინის ომს გამოქცეული უკრაინელები უერთდებიან.
ორგანიზატორი პარტიაა "დროაა". როგორც პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, 8 მაისი უნდა იყოს რუსული რაშიზმის დამარცხების დღე.
"ხვალ რუსეთი ვერაფერს იზეიმებს. ესაა თავისუფლების იდეის გამარჯვება, რომ მათ წყალში ჩაუვარდათ არაერთხელ ყველა აგრესიული გეგმა. უკრაინელების მამაცობისა და დასავლეთის მხარდაჭერის გამო. აქ არის ხალხი მარიუპლიდან, ხერსონიდან, რომ ხმამაღლა ვთქვათ, რომ ნაციზმის დამარცხების დღე, რაც არის 8 მაისი, უნდა იყოს რუსული რაშიზმის დამარცხების დღე. დღეს რუსეთი წარმოადგენს ნაციზმს",- ამბობს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, აქციის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან, ქართველი გმირების ფოტოები მიიტანეს, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის გმირულად დაიღუპნენ.
ამავე შინაარსის აქციები რეგიონებშიც გაიმართება.