მესამე სექტორის შეფასებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება, რასთან დაკავშირებით განაჩენი ხვალ უნდა გამოცხადდეს, პოლიტიკურად მოტივირებულია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ უნდა იფიქროს იმაზე, თუ რას ეტყვის ამით საერთაშორისო საზოგადოებას.
"ამ სასამართლოს პირობებში ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ დღეს იმ კონკრეტულმა მოსამართლემ უნდა იფიქროს იმაზე, რას ეუბნება საერთაშორისო საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილებით. ამბობს თუ არა იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ბერკეტს იყენებს ხელისუფლება, რათა დააშინოს მედია, თუ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ განაცხადი გვაქვს გაკეთებული ევროკავშირში და გვინდა ევროკავშირის წევრის სტატუსის მიღება, ეს მოსამართლე იფიქრებს ქვეყნის მომავალსა და რეპუტაციაზე", - ამბობს "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის ფაქტი, რომ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს სისხლის სამართალთან არანაირი კავშირი აქვს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
"პროცესის მიმდინარეობა ემთხვეოდა პოლიტიკურ მოვლენებს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იყო 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება, რომლის შემდეგაც ყველა საქმე, რომელიც მედიის მფლობელებსა თუ მენეჯერებს შეეხებოდა, შეჩერდა. ჩვენ ვნახეთ შემდეგ ისიც, რომ განახლდა ეს პროცესები წინასაარჩევნო პერიოდში და ხელისუფლება აქტიურად იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის", - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი ნებისმიერი ფორმით, იქნება განაჩენი მთლიანად ქვეყნისა და იმიჯისთვის.
"ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე არა მხოლოდ ეს, არამედ სხვა საქმეებიც, პოლიტიკურად მოტივირებულია და ამაზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს... ნებისმიერი განაჩენი, რომელიც ტვირთად დააწვება გვარამიას, ვგულისხმობ გამამტყუნებელ განაჩენს მიუხედავად სასჯელისა, იქნება მძიმე ჩვენი ქვეყნისა და მისი იმიჯისთვის", - ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. მთავარი არხის გენერალურ დირექტორის სახელმწიფო ბრალდება 5 მუხლით ედავება. პროკურატურა ამტკიცებს,რომ "რუსთავი 2-ის" დირექტორობის დროს, გვარამიას მიერ მოხდა თანხების გაფლანგვა, ფულის გათეთრება, კომერციული მოსყიდვა, ყალბი დოკუმენტის დამზადება და კომპანიისთვის ზიანის მიყენება.
ნიკა გვარამიას საქმეზე სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც: