კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მთავარ არხზე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არასდროს დადგეს ის წამი, როდესაც თქვენ შავ ეკრანზე დაინახავთ მხოლოდ ლოგოს - გიორგი გაბუნიას მიმართვა მხარდამჭერებს

გამოქვეყნდა:

"თქვენს გარეშე აზრი არ აქვს ჩვენს არსებობას, საკანში ცხოვრებას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ თავისუფალ სამყაროში"- ამ სიტყვებით მიმართა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ "მთავარი არხის" ეზოში შეკრებულ მხარდამჭერებსა და ჩვენს გულშემატკივრებს.

გიორგი გაბუნიამ მადლობა გადაუხადას მოქალაქეებს ამ მძიმე დღეებში, გვერდში დგომისა და სოლიდარობისთვის:  

"მოვედი იმისათვის, რომ მეთქვა თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინც ხართ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, უბრალოდ მოქალაქეები. ყველაზე მეტად უბრალოდ მოქალაქეების დანახვა მიხარია. პირველად ხდება მე მგონი, რომ აქ, ეზოში, ჩვენთან ერთად ხართ. უბრალოდ მინდა გითხრათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ, მთავარ არხზე იმიტომ, რომ ეს არხი ჩვენ ვარსებობთ თქვენთვის და ვარსებობთ თქვენით, რამდენჯერ მითქვამს ამ არხის ეთერში, რომ მთავარი ხართ თქვენ და ეს ახლაც ასეა, იქნება ყოველთვის ასე და რაც მთავარია, მთავარი არის თავისუფლება. 

ჩვენ იძულებული გავხდით სლოგანიც შეგვეცვალა გარკვეულწილად ჩვენი არხის, თუმცა აზრი იგივე  იყო ყოველთვის. ახლა აღარ ვამბობთ უბრალოდ  მთავარი ხართ თქვენ, იმასაც კი არა რომ მთავარია ნიკას თავისუფლება, მთავარია მიშას თავისუფლება, პეტრეს თავისუფლება...არა, მთავარია თავისუფლება. 
პრობლემად იქცა ის, რომ ყველას თავისუფლებაა საფრთხის წინაშე  და ეს არ არის აბსტრაქტული ცნება, არის თითოეული ადამიანის უფლება რომ იარსებოს და იცხოვროს ისე, როგორც მას სურს. იცხოვროს ისე, როგორც ადამიანები ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობენ და არა ისე, როგორც ჩვენ ვარსებობთ. ჩვენ არ ვცხოვრობთ უკვე პირდაპირ ვამბობ, ერთეულები შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ უკვე უბრალოდ ვარსებობთ. ძალიან მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ, ეს ასეა. ამიტომ ჩვენ ამიერიდან ვამბობთ, მთავარი ხართ თქვენ და მთავარია თავისუფლება. ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავისუფლების სიმბოლო არის ნიკა. ამიტომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიკას არხზე, ნიკას სამყაროში. ნიკამ შექმნა ეს პატარა სახლი, აქ ბევრი ადამიანი შეიძლება არ მუშაობს, არ ცხოვრობს, მაგრამ ყველა ვინც აქ არის, არის თქვენთვის და იბრძვის თქვენი თავისუფლებისთვის, ამისთვის გაჩნდა ეს არხი. ამისთვის იბრძოდა და იბრძვის ახლა ნიკა საკნიდან. 
დიდი სურვილი მქონდა ეს კადრები ენახა, მას საკანში არაფერი არ აქვს, მხოლოდ ისაა და მისი წიგნები ჯერჯერობით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის იგრძნობს და ეტყვიან, რომ დღეს თქვენ აქ იყავით, მის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ ის შორის არის, ის თქვენთან ერთად არის და ჩვენ მასთან ერთად ვართ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი. იმიტომ, რომ ჩვენთვის ნიკა არის ყველას თავისუფლების სიმბოლო, საქართველოს თავისუფლების სიმბოლო. მასთან ერთად, ქართულმა ოცნებამ დააპატიმრა არამხოლოდ სიტყვის თავისუფლება, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა, არამედ მან დააპატიმრა ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ რომ ამ ქვეყანას, საქართველოს ჰქონდეს უბრალოდ მომავალი კი არა, ნათელი, დამოუკიდებელი, მდიდარ და ბედნიერი მომავალი. 
დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ, ჩვენ თავს არ დავზოგავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი დახმარებით რა თქმა უნდა, რომ არასდროს არ დადგეს ის, წამი, როდესაც თქვენ შავ ეკრანზე დაინახავთ  მხოლოდ ამ ლოგოს და როდისღაც ეს ლოგოც გაქრება. ეს არ მოხდება, ჩვენ თავს გავწირავთ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს და ცოტა ხანში ამ ეზოში, ისევ, დარწმუნებულ ვარ, მოგესალმებით ნიკასთან ერთად" მიმართა გიორგი გაბუნიამ "მთავარი არხის" ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს. 

შეგახსენებთ, მედიისა და ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია-მსვლელობა დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საიდანაც გულშემატკივრებმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეზოში გადმოინაცვლეს და ამით გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი