"მე პრემიერი ვარ და გვარამია კომპანიის დირექტორი... მე რომ მადარებთ და ჩემს ოჯახის წევრებს, კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ დააკავეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი კერძო კომპანიის მანქანის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისთვის, მაშინ, როცა პრემიერმინისტრი და მისი ოჯახის წევრები სახელმწიფო მანქანით პირადი მიზნებისთვის გადაადგილდებიან.
"მე ვარ საქართველოს პრემიერმინისტრი. გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი, მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია, რა შუაშია. მე რომ მადარებთ ახლა და ჩემს ოჯახს და ოჯახის წევრებს და რატომ სარგებლობს თურმე პრემიერმინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანით, ამას ეუბნებით ხალხს ეს არის ტყუილი. მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად მე ჩემი მანქანით გადავადგილდები",- თქვა ღარიბაშვილმა.
აქვე, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველა, ვინც დაარღვევს კანონს და ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს. მისივე თქმით, "ჩვენ გვყავს სასამართლო, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს წინ".
"მე მესმის თქვენი წუხილის. ნამდვილად ვერ შევალ ახლა დეტალებში და ვერ გავაკეთებ ახლა კომენატრს ბატონი გვარამიას შესახებ. ნებისმიერი ადამიანი რომელიც კანონს დაარღვევს და ჩაიდენს დანაშაულს, უნდა იქნას დასჯილი. ასეთი არის მოწყობა ნებისმიერი თანამედროვე სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი.
ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ თანამედროვე ცივილიზებული დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა არის დაცული პირველ რიგში, და არცერთი ადამიანი არ არის კანონზე მაღლა, მაშინ არ უნდა გაგვიჩნდეს კითხვები. მე სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. მე მინდა გითხრათ, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა, მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ გვარამიაზე, ნებისმიერ პატიმარზე და სხვა პატიმრებზეც. ეს არ არის ჩემი საზრუნავი.
ამისთვის ჩვენ გვყავს პროკურატურა და სასამართლო რომელიც ბოლო 8-9 წლის განმავლობაში გახდა იმდენად ანგარიშვალდებული, გამჭვრივალე, ღია, უამრავი რეფორმა განხორციელდა და ჩვენ მთელი ევროპის მასშტაბით და საერთო სტატისტიკას თუ ავიღებთ, ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი ვუსწრებთ წინ", - ამბობს ღარიბაშვილი.