სასტიკი მკვლელობა კახეთში - სანადირო თოფით კაცმა 46 წლის მეზობელი მოკლა, 3 ადამიანი კი დაჭრა. შემთხვევა გუშინ საღამოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კამათი მეზობლებს შორის სავარაუდოდ, ჯართის მოპარვის გამო მოხდა, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამის შემდეგ 60 წლამდე ასაკის კაცმა, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა მეზობელი კახა მჭედლიშვილი, დაჭრა მოკლულის ძმა და დედა, შემთხვევით დაჭრა ასევე საკუთარი შვილიც.
"ჩხუბი მოსვლიათ მეზობლებს ერთმანეთში. ჯართი მოუპარია და ამის მერე მოხდა კონფლიქტი. განა პირველი შემთხვევა იყო, ყოფილა ბევრჯერ, გაუფრთხილებია და მერე მოსვლიათ ჩხუბი ერთმანეთში. ამ ჩხუბს მოჰყვა ესეთი უბედურება. თავისი შვილიც დაჭრილია", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.