დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანესთან, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია.
ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალასაც შეხვდა.