
აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს - დეპუტატები უმაღლესი საბჭოს არჩევნების წესთან დაკავშირებით ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. პარლამენტის პარალელურად იცვლება უმაღლესი საბჭოს არჩევის წესიც - თუ აქამდე უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან ექვსი მაჟორიტარული წესით აირჩეოდა, ცვლილებების შემდეგ უმაღლეს საბჭოში დარჩება მხოლოდ სამი მაჟორიტარი.
სხდომას არ ესწრება ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ ბრიფინგი მოაწყო და განაცხადა, რომ ბოიკოტირების რეჟიმში რჩებიან, რადგან 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდა. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ ცვლილებების განხილვა კანონდარღვევით მიმდინარეობს.
მმართველი პარტიის გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 14 ხმა აქვს, ზუსტად ამდენი დეპუტატითაა წარმოდგენილი "ქართული ოცნება" უმაღლეს საბჭოში. ამასთან ერთად, ცვლილებებს მხარს უჭერს დამოუკიდებელი დეპუტატი მერაბ ბლადაძეც.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.