"დეპოლარიზაციის" ხელშესაწყობად, "ოცნება" პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის | კობახიძის განცხადება

გამოქვეყნდა:

"დეპოლარიზაციის" ხელშესაწყობად, "ოცნება" პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის, - ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მან გაასაჯაროვა სამოქმედო გეგმა, როგორ აპირებს პარტია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას. 

მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით, ანალოგიურად, ოპოზიციამ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს. იგივე ეხება მედიასაც, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაპოლარიზებელ კამპანიაში უშუალოდაა ჩართული. 

დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი, ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს, პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. 

მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები და პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ, - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, ამ მიმართულებით გამართულ მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი