აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ეხმაურება, თუმცა ამბობს, რომ წერილი ბოლომდე ვერ წაუკითხა. დეგნანი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ არავის, არც ევროპას და არც აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა არ სურს და ყურადღებას ამახვილებს, "ოცნებიდან" წასულებისა და "ოცნების" ლიდერების განცხადებების მსგავსებაზე:
„წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე. ნამდვილად არ ესმის მას, რომ აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს. მხარს უჭერს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმადაა შექმნილი. მაგალითად, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი. და აქვთ კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვან ყველა ქართველი მოქალაქის უფლება.
ნებისმიერი დემოკრატიისთვის საშიშია, როდესაც ამგვარად ხდება დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძირის გამოთხრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკითხზე, რომელზეც მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი. აშშ-ს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს და ის დასრულდეს. შტატები მუშაობს მშვიდობისთვის და მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც აქვს მშვიდობისთვის მუშაობისა და ძალისხმევის გაწევის სურვილი.
ვფიქრობ, პრემიერმინისტრმა ნატოს სამიტზე კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ.
ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების ნარატივი, რატომღაც ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც იმეორებენ დეზინფორმაციას. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის მათი მოტივი, როდესაც იმეორებენ ტყუილსა და ცრუ ინფორმაციას" ამბობს კელი დეგნანი.["ფორმულას" თარგმანი]
კელი დეგნანს ღია წერილით მიხეილ ყაველაშვილმა დღეს მიმართა, სადაც ის აცხადებს, რომ ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც მისი [ელჩის] განცხადებები თუ დუმილი.