
სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან - "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციისა და სტუდენტური ომბუდსმენის წევრები განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. სტუდენტები, რომლებმაც კორონაპანდემიის გამო სამსახურები დაკარგეს, სწავლის საფასურის გადახდას ვეღარ ახერხებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალგაზრდების ინტერესები მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის არც ერთ ნაწილში არ გაუთვალისწინებია.
ორი მილიარდი გამოიყო ანტიკრიზისული გეგმისათვის, საიდანაც გათვალისწინებული არის, მაგალითად: 50 მილიონი ავტოტრანსპორტზე განბაჟების გადავადებისთვის, 600 მილიონი ბანკებს მისცეს. 500 მილიონი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყო და ერთი თეთრიც კი არ გამოუყვიათ განათლების სისტემისთვის, სტუდენტებისთვის, რომლებიც ვეღარ იხდიან სწავლის გადასახადს, რომლებიც იძულებულნი ხდებიან, რომ შეიჩერონ სტუდენტის სტატუსი და ფაქტობრივად, განათლების მიღების საშუალების გარეშე დარჩნენ, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.