საძოვრებზე გამოცხადებული აუქციონი - აწყურის მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

გამოქვეყნდა:

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობამ საძოვრებზე გამოცხადებული აუქციონის გამო, თელავი-ახმეტის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

საუბარია თეთრი გიორგის მონასტრის მიმდებარედ 23 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთადერთ საძოვარს წარმოადგენს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თუ საკითხი სოფლის სასარგებლოდ არ გადაწყდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც გზის გახსნის შემდეგ, რამდენიმე ახალგაზრდა მოსალაპარაკებლად გადაიყვანეს.

აქციაზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მიწაზე ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულისა და მასთან დაკავშირებული პირების ინტერესი იკვეთება. გიორგი ბოტკოველი მხარის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტის მერს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეაჩერონ აუქციონი.

გელა სამხარაულს არ გამოუვიდა და ჩაეშალა ზრახვა, რომ იყალთოში, ე.წ. კიკაბაურების ტერიტორია დაეტაცებინა თანამზახველებთან ერთად და ახლა გადაწყვიტა აწყურელების მალულად ეს ტერიტორია მიიტაცოს, რომელიც სოფლისთვის ერთადერთი საძოვარია. მინდა, მივმართო რეგიონის გუბერნატორს და ყველა იმ პირს, რომელიც ვალდებულია, ხალხის ინტერესებს იცავდეს, სასწრაფოდ შეაჩერონ აუქციონი.  მოვუწოდებ გუბერნატორს, რომელსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს ყველა ასეთი საკითხი ზეპირად იცოდეს, მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მოსახლეობას სამარცხვინოდ ეუბნება, რომ საქმის კურსში არ არიან და ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გაესხვისებინა სოფელ აწყურის საძოვარი, სასწრაფოდ შეაჩერეთ აღნიშნული აუქციონი, რომელიც გაიმართება ხვალ, 17:00 საათზე, მობრძანდით და დაპირდით მოსახლეობას, რომ საძოვარი არ გასხვისდება, თორემ ძალიან მალე აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება ამისთვის და ეს მალე იქნება ოქტომბრის ბოლოს. დაუბრუნეთ სოფელს საძოვარი, რომელიც აწყურისთვის ერთადერთია, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

აუქციონის ვადა ხვალ, 17:00 საათზე იწურება.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი