საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნის მომზადებაში ამერიკელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტები ერთვებიან. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და გავლენიანი საექსპერტო ჯგუფი რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პირადად გაეცნობიან. მანამდე კი შეერთებულ შტატებში უკვე გადაგზავნილია მიხეილ სააკაშვილის 2 000-გვერდიანი სამედიცინო ისტორია.
ამერიკული ფირმა aKerman 700-ზე მეტ სამედიცინო ექსპერტსა და იურისტს აერთიანებს. ექსპერტების კვლევა და დასკვნა ორი - სამედიცინო და იურიდიული მიმართულებით ჩატარდება.
"ერთ კვირაზე მეტია მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამერიკაში, კომპანია აკერმანთნ, რომელიც გახლავთ რეიტინგებით მე-7 კომპანია. მათ გამოყვეს ექსპერტთა ჯგუფი, ჩვენგან მოითხოვეს ავადმყოფობის ისტორიები. ამ ხალხმა უნდა ჩაატაროს ორი ტიპის სამუშაო, ერთი უნდა ჩაატარონ საქართველოში ბატონ მიხეილ სააკაშვილთან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მეორე - უნდა დადონ სამართლებრივი დასკვნა ზოგადად ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, რა არის, როგორი შეფასებებია, რა პრაქტიკები არსებობს", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
მესამე პრეზიდენტის საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის გადაწყვეტილებას მიესალმება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა დაადგინოს ქართულმა სასამართლომ, მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს რეალურ სიტუაციას.
გარდა ამისა, დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ცენტრ ემპათიის წევრებს შეხვდება. შეხვედრის მიზანია განიხილონ დასკვნა, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრმა რამდენიმე დღეში უნდა გაასაჯაროოს.
როგორც ცნობილია, დასკვნის გადადების მიზეზი, ის დამატებითი გამოკვლევებია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში ჩაუტარდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი