უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური თვალსაზრისით მიუღებელ ადამიანებთან თანაცხოვრება - ბოკერია

გამოქვეყნდა:

ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მიუღებელ ადამიანებთან თანაცხოვრება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენით საუბარს შეეხებოდა.

მან არჩევნების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ არჩევნები კაცობრიობამ იმიტომ მოიგონა, რომ ომები და სისხლისღვრა არ უნდა იყოს.

არანორმალური და ქვეყნისთვის სახიფათოა, როცა ეს ტონალობა გადადის საზოგადოების დაყოფის გზავნილზე და სიძულვილის ქადაგებაზე სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებს შორის და ამ შემთხვევაში ტერმინებსაც მნიშვნელობა აქვს, როცა მთავრობაში ხარ, განსაკუთრებით მაშინ. ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, როცა ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, სრული ისტერია დაიწყო. სისხლის მდინარეები მოდიოდა ტელეეკრანებიდან და ეს ცუდია ქვეყნისთვის. თუ აკეთებ განცხადებებს, ჩემი წაგება ნიშნავს სამოქალაქო ომსო, ეს განცხადებებიც გვესმოდა მათგან, ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპზე უარის თქმა. არჩევნები იმიტომ მოიგონა კაცობრიობამ, რომ ომები და სისხლისღვრა არ უნდა იყოს. არჩევნებით უნდა გადაწყდეს ვინ არის ძალაუფლებაში და არა ძალადობით. ამ იდეას უპირისპირდება ივანიშვილის გარემოცვა და ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. ეს მათ ვერ გადაარჩენთ, მაგრამ ქვეყანას ზიანს აყენებენ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მიუღებელ ადამიანებთან ერთად თანაცხოვრება. ეს შეიცვლება ივანიშვილის დამარცხების შემდეგ აუცილებლად, - ამბობს ბოკერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი