
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. დეკლარაცია, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ, ერთხმად მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში მიიღეს.
დეკლარაციის მიღების დღე- 4 ივლისი, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება.
დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები „ამერიკის შეერთებულ შტატებად“ მოიხსენიება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ს საელჩო საქართველოში, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების 244-ე დაბადების დღეა. სიამაყით გიზიარებთ ჩვენს ოთხი ივლისის ტრადიციულ პროგრამას.
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო წელს ვერ მოვახერხეთ ღონისძიებების ჩატარება, ჩვენი ენთუზიაზმი ამ ტრადიციული ზეიმის გასამართად ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის.
დღეს საღამოს, 22:00 საათზე თბილისში ყველას ვიწვევთ, ისიამოვნონ მთაწმინდის პარკის ფეიერვერკებით. ქალაქი თბილისი სატელევიზიო ანძას ჩვენი დროშის ფერებში აანთებს და ჩვენს ყველა ქართველ მეგობარს ვიწვევთ, გაგვიზიარონ 4 ივლისის მილოცვა ჰეშთეგით #IndependenceDay." ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
სტრატეგიულ პარტნიორს დღევანდელ დრეს ულოცავს საქართველოს პრემიერ მინისტრი, სადაც გიორგი გახარია ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრობს:
წელს საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი გვყავს. მადლობას ვუხდი გაწეული ძალისხმევისთვის ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ამერიკის საელჩოს მთელს გუნდს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთის სანდო და საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენს ერებს შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - აცხადებს გიორგი გახარია.