
თითქმის, 30 წლიან გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენობას - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც განცხადებაში იმ გამოწვევებზეცაა საუბარი, რომელიც აშშ-ს დღეს, პანდემიის სახით აქვს. ზურაბიშვილი ასევე ხაზს უსვამს, ლუგარის ლაბორატორიის როლს კორონავირუსთან ბრძოლაში.
თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია - ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ასევე, გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ, დამოუკიდებლობის შემდგომ, ყველა ჩვენს კონსტიტუციაში და რომლითაც ჩვენი განვითარების გზაზე მივდივართ. ამ, თითქმის, 30 წლიან გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენობას, ჩვენი სამხედროების განვითარებას, მათ წვრთნებს და მათ როლს, თუნდაც საერთაშორისო მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ეს ის ერთობლივი და სოლიდარული გზაა, რომელიც ამერიკასთან ერთად გავიარეთ“ - აცხადებს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილი 4 ივლისს ულოცავს აშშ-ში მცხოვრებ ქართველებსაც:
მინდა, ასევე, მივულოცო დღევანდელი დღე ქართველებს, ვინც ამერიკაში ცხოვრობენ და ვისაც ამერიკა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია. Long live America!” -აცხადებს ზურაბიშვილი.