ქამხაძის პირადი საქმე სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში - თავდაცვა "მთავარი არხის" რეპორტაჟზე

გამოქვეყნდა:

თავდაცვამ დუმილი დაარღვია და "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს განცხადებით გამოეხმაურა. ჯუანშერ ბურჭულაძის სამინისტრო წერს, რომ ინფორმაცია "აბსურდულია" და თავდაცვის ძალების "დისკრედიტაციას" ისახავს მიზნად და ატარებს "პარტიულ ინტერესებს". 

უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში. სამინისტროს განცხადებით, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმეც თავდაცვიდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში. ბურჭულაძის უწყებას ეჭვი შეაქვს, რომ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტაცია პირადი საქმეა და წერს, რომ ამას შესაბამისი სამსახური დაადგენს:

გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.
მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო.  შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს. " აცხადებს თავდაცვა.

სამინისტრო "მთავარ არხს" ბრალდებასაც უყენებს:

"აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. 
მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს." წერს ჯუანშერ ბურჭულაძის სამინისტრო თავისივე განცხადებაში. 

"მთავარმა არხმა" 8 აგვისტოს მოამზადა რეპორტაჟი, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეცსამსახურების ხელშია. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი