
"არა პოლიტიკურ რეპრესიებს! არა სოციალურ ქსელში პოსტების გამო დაკითხვებზე დაბარებას!" - ამ მოწოდებით დღეს იუსტიციის სამინისტროსთან ბაჩანა შენგელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
მონაწილეები პოლიტიკურ რეპრესიებს გააპროტესტებენ. აქციას შეუერთდება თავად ბაჩანა შენგელიაც. მან უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლის გამოც ადამიანებს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო სუს-ში იბარებენ.
ახალგაზრდები აპირებენ იუსტიციის სამინისტროსთან ჩემთვის მხარდამჭერი აქციის გამართვას, სადაც გააპროტესტებენ იმ პოლიტიკურ და ე.წ. სამართლებრივ დევნას, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის სამინისტროსთან, - ამბობს ბაჩანა შენგელია.
აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "შეცვალე'' და "დემოკრატიული მომავლისთვის" არიან.
ბაჩანა შენგელია არის ადამიანი, რომლის დედაც გარდაიცვალა პოლიტიკური ზეწოლის შედეგად. ეს ადამიანი, ბუნებრივია, "ქართული ოცნების" ოპოზიციაში დგას არა მარტო ამ ფაქტის გამო, რაც ვერ აიტანა ქალბატონმა წულუკიანმა. ეს არ იქნება მხოლოდ ბაჩანა შენგელიას აქცია, დღევანდელი აქცია მიეძღვნება იმას, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ დაიწყო უკვე რეპრესიები, დაიწყო აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჩვენ ვთვლით, რომ ერთად უნდა დავიცვათ მოქალაქეების თავისუფლება, - ამბობს მოძრაობა „შეცვალე“-ს წევრი, აქციის ორგანიზატორი ნიკა ფარულავა.