
ვიდრე სასამართლოში ე.წ. კლანია გაბატონებული, ვერც ერთი რეფორმა შედეგს ვერ მოიტანს - ამის შესახებ აცხადებენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში", რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს წარადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაცია საბჭოს მუშაობას უკვე მერვე წელია აკვირდება. 2019 წლის ანგარიშში მოხვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობა მოსამართლეების არჩევის პროცესში, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნის წესები და სასამართლოების თავმჯდომარეების თანამდებობაზე გამწესების პროცედურების შეფასება.
მთავარი მიგნება რაც არის, გახლავთ ის, რომ რაც არ უნდა რეფორმა გაატარონ, საბოლოოდ ჯამში, სანამ კლანი რჩება სასამართლოში, ყველა ეს რეფორმა არის აზრს მოკლებული და ნაკლებად სასარგებლო. ისინი ისევ აი ამ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ემსახურებიან, - ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ვახუშტი მენაბდე.