
ემიგრანტები კლასტერები არ არიან, ისინი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა. აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავენ და ჩარტერული ფრენების დანიშვნასა და ემიგრანტების ქვეყანაში ჩამოყვანას ითხოვენ. ისინი იმ მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რის წინაშეც ემიგრანტები კოვიდ პანდემიის დროს აღმოჩნდნენ.
ემიგრანტები, რომლებიც ვერ ჩამოდიან და არც ის 200 ევრო არ აქვთ, და ეგ 200 ევროც ტყუილია, თუ შეიძლება, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს, იმიტომ, რომ არის პანდემიის პირობები. ასევე მათ აქვთ ნაყიდი ბილეთები და გაუქმებული, კარგად ვიცით, რომ საზღვრები ჩაიკეტა. ერთი კვირა გავიდა და პრობლემები არ არის მოგვარებული, და ასე იქნება ბოლომდე, სანამ არ მივიყვანთ ამ საქმეს, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მანჩო ანდღულაძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილები ამბობენ, რომ ემიგრანტები, რომლებსაც სავიზო რეჟიმი დაერღვათ, ფაქტობრივად, კანონმდამრღვევები გახდნენ და გადაყვანილი არიან სპეციალურ ბანაკებში და დროებით იზოლატორებში.
ემიგრანტების პრობლემებთან დაკავშირებით აქცია კოვიდ პანდემიის დროს უკვე მეორედ იმართება.