
ამერიკის კონგრესში საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის გაყინვის თაობაზე რეგისტრირებული კანონპროექტის თემაზე ბრიფინგი გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ეს კანონპროექტი ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმისთვის დაწესებული სანქციებია.
მისი თქმით, ეს ფაქტი საქართველოს მოქალაქეებისთვის ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული უმძიმესი კრიზისის ფონზე, ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის იმ დახმარებას, რომელზეც დღეს გაცილებით მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე როდესმე.
მინდა ვთქვა, რომ 30 წლიანი ურთიერთობის ისტორიის მანძილზე, საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და აშშ-ს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხზე ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან, - აცხადებს იგი.
სამადაშვილი ამბობს, რომ დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ კანონპროექტისთვის ერთობლივი მხარდაჭერა უპრეცედენტო ფაქტია. მისი თქმით, ივანიშვილის მმართველობის წესმა ქვეყნისთვის დახმარების გაწევა შეუძლებელი გახადა.
დეპუტატის აზრით, ამ პირობებში ოქტომბრის არჩევნებზე "ქართული ოცნების" დამარცხება ქართველი ხალხისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საქმედ იქცევა.