უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოასვენეს | დაჭრილია კიდევ 4 ჯარისკაცი

გამოქვეყნდა:

 

უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი გმირი დაიღუპა. სამხედრო, რომლის იდენტიფიცირებასაც "მთავარი არხი" ამ ეტაპზე შეგნებულად არ ახდენს, დონეცკის ოლქში იბრძოდა.

ჯარისკაცი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ქალაქ კრამატორსკში მიმდინარე შეტაკებებისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

გარდა ამისა, უკრაინაში მყოფი მებრძოლების ცნობით, 25 აგვისტოს, შეტაკებებისას დაიჭრა კიდევ 4 ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც სხვა დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდნენ. დაიღუპა მათთან ერთად მებრძოლი აზერბაიჯანის მოქალაქე. 

"მინდა სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახს, მის თანამებრძოლებს. გმირულად დაიღუპა ეს ბიჭი. როგორც ჩემთვის ცნობილი, მოხვდა ე.წ. ზასადაში და კონტაქტური ბრძოლის დროს დაიღუპა. ეს მოხდა კრამატორსკის მიმართულებით. გუშინწინ საღამოს დაიჭრა 5 მებრძოლი, აქედან ოთხი არის ქართველი, ერთი უკრაინელი. დაღუპულია აზერბაიჯანელი მებრძოლი", - ამბობს რომეო ფარულავა.

ფრონტის ხაზზე მომხდართან დაკავშირებით "მთავარი არხი" კიდევ ერთ ქართველ სამხედროს, ნოდარ ყარალაშვილს ესაუბრა:

"ერთ-ერთ ქართულ დანაყოფში არის 4 ქართველი დაჭრილი, ერთი აზერბაიჯანელი გარდაცვლილი. სხვა დანაყოფში არის სამწუხაროდ გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, რომელიც სლავიანსკის მიმართულებით იბრძოდა. ჯერ კიდევ ვადგენთ მეომრები მასზე არსებულ ინფორმაციას", - თქვა ყარალაშვილმა.

დაღუპული ერთი ქართველი ჯარისკაცი მეომრებმა ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს. მისი გადმოსვენება სამშობლოში რამდენიმე დღეში მოხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი