საქართველოს მზე ამოდის ატლანტიკიდან - ნათელაშვილი აშშ-ს მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე

გამოქვეყნდა:

თუ ივანიშვილი არ გამოაცხადებს, რომ თმობს ძალაუფლებას, მას ელოდება ისეთი რეალური სანქციები, როგორიც არ ღირსებია არც ერთ მსოფლიოში ცნობილ თანამედროვე თუ წარსულის დიქტატორს - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამერიკის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ნათელაშვილი დადებითად აფასებს აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს და იმედს გამოთქვამს, რომ ოლიგარქი დროულად დათმობს ძალაუფლებას.

ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლა პუტინისტურ-ოლიგარქიული დაჯგუფებისთვის საერთაშორისო ოზოლაციის შესაქმნელად შედის გადამწყვეტ, ფინალურ სტადიაში. აშშ-ს კონგრესი იწყებს ივანიშვილის რეჟიმისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას. დღეს შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ საქართველოს მზე ამოდის ატლანტიკიდან, - აღნიშნა მან.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ ისტორიული დოკუმენტი მისი თანაგუნდელების მიერ ვაშინგტონისთვის 8 წლის განმავლობაში მიცემული დასაბუთებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა. 

როგორც ვხედავთ, საქართველო ყოველდღიურად იმარჯვებს. მთავარია, ამ გამარჯვებას წინ აღარ გადაეღობოს ის, ვინც 8 წლის განმავლობაში გვამარცხებდა და მაინც ვერ წაგვაქცია. მთავარია, ივანიშვილმა შეიგნოს, რომ მოვიდა დრო მისი წასვლისა, გამოაცხადოს ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება და მისცეს ქართველ ხალხს საშუალება მომავლის დიდ მაგისტრალზე გასვლისა, რის უფლებასაც იგი არ გვაძლევდა, - განმარტა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესში ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საქართველო გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15%-ს ვეღარ მიიღებს. შეზღუდვა იმოქმედებს მანამდე, სანამ არ დადასტურდება, რომ ქვეყანაში დაცულია კანონის უზენაესობა და დემოკრატიის განვითარებას საფრთხე არ ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი