
ქვეყანაში დიქტატურა კანონდება - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ის ცვლილებები, რომლებიც გუშინ დარეგისტრირდა პარლამენტში, სხვა არაფერია, თუ დიქტატურის დაკანონება... ეს სწორედ ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა ხელში ჩაიგდო მთელი რუსული მედია და ბიძინა ივანიშვილიც ზუსტად იმავე გზას ადგას. ეს არის 21-ე საუკუნის დიქტატორის მეთოდები, - განმარტა უდუმაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის თქმით, აღნიშნული ცვლილებები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს. მათ შეეძლებათ სასამართლოს გარეშე თავიანთი მმართველის დანიშვნა ნებისმიერ მედიასაშუალებაში და ეს მმართველებიც შეუზღუდავი ძალაუფლებით ისარგებლებენ.
უდუმაშვილმა მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და მის დემოკრატიულად ჩატარებაში განსაკუთრებული როლი მედიასა და სიტყვის თავისუფლებას დააკისრა.
ახლა, როდესაც ასეთი საშიშროების წინაშე დგას ქართული მედია, დუმილი არის დანაშაული, - აღნიშნა უდუმაშვილმა.