"მზად არის იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ" - ვანო მერაბიშვილთან პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ვანო მერაბიშვილთან პოლიტიკური კონსულტაციები გრძელდება. რამდენიმე საათის წინ გათავისუფლებულ ექსპრემიერს ყოფილი თანაგუნდელები და მეგობრები ხვდებიან.

მოლაპარაკებიდან გამოსული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი არ საუბრობენ, თუ რას გეგმავს ვანო მერაბიშვილი და ვისთან ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ერთი მთავარი ამოცანა აერთიანებს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებას უკავშირდება. მისი თანაგუნდელები კი შერჩევით მართლმსაჯულებაზე საუბრობენ.

„არის მშვენიერ ფორმაში და არის მზად, იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ“ - ამბობს დავით კირკიტაძე.

პოლიტიკოსების გარდა ვანო მერაბიშვილთან იმყოფება ასევე მისი ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი. მისივე თქმით, ოლიგარქის სურვილის მიუხედავად, მერაბიშვილის წინააღმდეგ ახალ საქმეს ვერ აღძრავენ.

გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე დაიწყებენ სამართლებრივ პროცედურებს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.

„არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში დასჯილები იქნებიან ისინი, ვინც მოახდინეს მისი ციხიდან გაყვანა იძულებით და შანტაჟით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ინფორმაციის გამოძალვასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდგომ ხელისუფლებებს აუცილებლად მოუწევს ამ რეკომენდაციის გათვალისწინება და იმ ადამიანების იდენტიფიცირება და დასჯა, ვინც მოახდინა მისი გაყვანა“ - განაცხადა ჩივიაშვილმა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.

მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში მისი წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი.

ერთ-ერთ პრეტენზიაში, რომელიც კონვენციის მე–18 მუხლს ეფუძნება, მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის ხელისუფლებამ პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების მოტივით დააკავა. ის ასევე აცხადებდა, რომ წინასწარი პატიმრობის დროსაც დევნიდნენ. მისი თქმით, 2013 წლის დეკემბერში, გამოიყვანეს საკნიდან, რათა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შეხვედროდა. მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძემ ის დააშინა და დაადანაშაულა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და ასევე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საიდუმლო ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

2016 წლის 14 ივნისის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო, არა იმიტომ, რომ სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით "გონივრული ეჭვის" საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, "არამედ პროკურატურამ ის გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად" იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი