
საგანგაშო სიგნალი ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ასე აფასებენ ქართველი ოპოზიციონერები წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო პარტნიორების ნდობა დაკარგა, რადგან ქვეყანაში არ არის დემოკრატიული გარემო და კანონის უზენაესობა. ისინი არ გამორიცხავენ რომ მალე სანქციები არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის პირად ანგარიშებსაც შეეხოს.
ეს კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირდა კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით, არის, შეიძლება ითქვას, რომ სანქციების რეჟიმის დაწესებაა ივანიშვილის გუნდისთვის, იმიტომ, რომ შეჩერებულია ჩვენი ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების ნაწილი, სანამ კონგრესი არ დაკმაყოფილდება პასუხებით კითხვებზე, რომელიც შეეხება დემოკრატიულ მმართველობას და კანონის უზენაესობას ქვეყანაში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის სერგო რატიანის მოსაზრებით, ივანიშვილი ან წააგებს ან წააგებს და მას სანქციებს დააკისრებენ.
მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ფაქტობრივად სახელმწიფოსთვისაც ზიანის მომტანი. სანქციები გაღრმავდება და იქნება, უნდა ველოდოთ სხვა სანქციებსაც, - აცხადებს იგი.
"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანა ზარალდება, რადგან საქართველო იმ დახმარებას, რაც უნდა მიეღო, ვეღარ მიიღებს.
ჯერ იყო თავდაცვის აქტი, რომელშიც საუბარია ზოგადად თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გადახედვაზე, ახლა კი 20 მილიონამდე დოლარს დაკარგავს საქართველო საგარეო დახმარების სახით, სამწუხაროდ ეს მხოლოდ დასაწყისია, - დასძენს ხარშილაძე.