
მედიის კონტროლი და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - ასე აფასებენ მესამე სექტორში ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებში დაგეგმილ ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. არგუმენტებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს პარლამენტს წარუდგენს და მოუწოდებს კანონმდებლებს, რომ დიქტატურისკენ მიმართულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ.
პრაქტიკულად, სასამართლო კონტროლის გარეშე საშუალებას აძლევს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომ ორგანიზაციაში, იქნება ეს პროვაიდერი თუ მედია ორგანიზაცია, ჩაანაცვლოს მთლიანად იქ არსებული შიდა მენეჯმენტი. როგორც მედიის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების კუთხით, ასევე ორგანიზაციების კერძო საკუთრებაში ჩარევას წარმოადგენს, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი.
მისი თქმით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საფუძველი არ არსებობს და ეს ეჭვს ქმნის, რომ არსებობს წინასაარჩევნოდ მედიაზე გავლენის ბერკეტის შემოტანის სურვილი.
ამ მექანიზმის შემოტანა იქნება პირდაპირ ჩარევა მაუწყებლის საქმიანობაში თუ არაპირდაპირ ჩარევა, გამოწვევს იმას, რომ წინასაარჩევნოდ და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არჩევნების შემდგომაც, შესაძლებელია გამოყენებულ იყოს სწორედაც იმ განსხვავებული და კრიტიკული აზრის ჩასახშობად, რომელიც შეიძლება გავრცელებული იყოს ამა თუ იმ მაუწყებლის მიერ, - აცხადებს საია-ს წარმომადგენელი ნიკა სიმონიშვილი.