
მდუმარე დეპუტატები - ადამიანთა ნაწილს, რომლებმაც წესით კანონები უნდა მიიღონ, საზოგადოება არც კი იცნობს. ასეთი დეპუტატებისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.800 ათასი ლარია დახარჯული.
"ფლანგვის დეტექტორი" დაინტერესდა, რისთვის იღებს ანაზღაურებას ის 37 დეპუტატი, რომელთაც არც მიკროფონი ჩაურთავთ და არც კითხვა დაუსვამთ. აღნიშნული პარლამენტარები აქტიურები არიან მაშინ, როდესაც მათ ადგილს საკანონმდებლო ორგანოში საფრთხე ემუქრება.
ამ დეპუტატების შენახვა ბიუჯეტს 2 მილიონამდე უჯდება, და კიდევ ერთი ამბავია აღსანიშნავი, მათი უმრავლესობა არის მაჟორიტარი და მათ აქვთ მაჟორიტარული ბიუროები, რომელთა შენახვა ყოველწლიურად 4 მილიონი ჯდება. და მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტართა შესანახი ფული ყოველწლიურად იზრდება, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვინ არის მაჟორიტარი და ეს პროცენტიც მზარდია, - ამბობს მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი.