
როგორც იქნა, რამოდენიმე ქვეყნისთვის საზღვრები გახსნეს და გადაადგილების შესაძლებლობა მისცეს, რაც არის სწორი, მაგრამ დაგვიანებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თუმცა, ბოკერია ამბობს იმასაც, რომ ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში კარანტინის გარეშე შემოვლენ, თავად საქართველოს მოქალაქეს კი ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, კანონთან შეუთავსებელი, შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციულია.
მისივე თქმით, ქვეყნებს შორის გადაადგილება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დროებით დასაქმდნენ, რადგან პანდემიამ და ივანიშვილის გუნდის უგუნურმა ნაბიჯებმა მოსახლეობა უმძიმეს ეკონომიკური მდგომარეობაში ჩააგდო.
უამრავი მიზეზი არსებობს, რატომ და როგორ შეუწყობს ხელს თავისუფალი გადაადგილება ჩვენ მოაქლაქეებს, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდნენ ან არ დაუმძიმდეთ ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ვითარებაში, ჩვენ ვხედავდით, დღეებისა და კვირეების განმავლობაში, უტიფარ და ბრიყვულ პასუხებს ივანიშვილის გუნდისგან, მათ შორის პრემიერმინისტრ გახარიასგან და სხვა მინისტრებისგან, ეკონომიკის მინისტრისგან და ფინანსთა მინისტრისგან განსაკუთრებით და თურმე არ გვაწყობს და არ გვიღირს ფრენებიო, მაშინ, როცა ევროკავშირმა, თავისუფალმა სამყარომ კიდევ ერთხელ გამოგვიწონდა ხელი და უკვე, რამდენი ხანია მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაუხსნას საქართველოს ფრენების შესაძლებლობა. ამ ვითარებაში, ჯერ ჯიუტად გვპასუხობდნენ ჩვენ, "ევროპულ სქართველოს", როცა ამ კითხვას ვუსვამდით პრემიერმინისტრს პარლამენტის სხდომაზე, გახსოვთ ალბათ და ვერ მივიღეთ ვერანაირი გონიერი პასუხი და ილანძღებოდნენ, რომ ეს არის პოპულიზმი. როგორც ჩანს, საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ, ახლა, როგორც იქნა გახსნეს, რამდენიმე ქვეყნისთვის გადაადგილების შესაძლებლობა, რაც არის სწორი, მაგრამ დაგვიანებული გადაწყვეტილება და ყველა დღე, როცა დააგვიანეს, დაუჯდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს, მოქალაქეებს კონკრეტული ფასი, მარტო იმათ კი არა, ვინც გაფრინდებოდა, არამედ ყველა დანარჩენს იმიტომ, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება ყველაზე მოქმედებს, ერთ კაცს, რომ არ უშვებ, მისი ეკონომიკური უბედურება გადადის ყველაზე, ანუ დააგვიანეს და უკვე ზიანი მიაყენეს, - ამბობს გიგა ბოკერია.