
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ამის საჭიროებას კი განსაკუთრებით მას შემდეგ ხედავენ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტმა კანონპროექტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15% გაიყინება მანამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოს მთავრობა აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ებრძვის კორუფციას ხელისუფლებაში და იცავს კანონის უზენაესობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლისკენ "ოცნებას" უკვე საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებენ, თუმცა ხელისუფლება პრობლემას არ აღიარებს, რასაც შესაძლოა ქვეყნისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს.
ის დაქსაქსული სისტემა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით გვაქვს საქართველოში, იქნება ერთ ადგილას თავმოყრილი და ჩვენ ვთვლით, რომ ესეთი მექანიზმი იქნება ეფექტური, - ამბობს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.