ეს არის ნათელი გზავნილი კონგრესიდან პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

საქართველოში უნდა შეიზღუდოს ოლიგარქის მმართველობა - აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს მნიშვნელოვანი ფორმულირება დაემატა.

ვაშინგტონი კონგრესის მიერ 132 მილიონი დოლარის გამოყოფის კანონპროექტის ტექსტზე დამატებით დეტალურ განმარტებას აგზავნის. იმისათვის, რომ საქართველომ ეს დახმარება მიიღოს სრულად და არ გაიყინოს 15%, სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს და საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენოს, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს მედიის დამოუკიდებლობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს. ასევე ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას ხელისუფლების ფუნქციებზე, კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

მანამდე დოკუმენტი სამპუნქტიანი იყო, რომლის თანახმადაც კონგრესის კომიტეტს დარწმუნება სჭირდება იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას, იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას ხელისუფლებისგან და თანმიმდევრულად ატარებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით.

ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს განსაკუთებით გამჭვირვალე არჩევნები, რათა მას მიეცეს ლეგიტიმაცია - ამბობენ ოპოზიციაში. მათი აზრით, მოულოდნელი არაა, რომ თანდათან უფრო მკაცრი ხდება აშშ-ს ფორმულირება, რათა მმართველ გუნდს სივრცე აღარ დარჩეს სპეკულაციებისთვის.

ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ამერიკის კონგრესიდან პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მან პირველ რიგში უზრუნველყოს ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, შეწყვიტოს ზეწოლა პოლიტიკურ ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიაზე და წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა - ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია კი დღევანდელ ვითარებას 2003 წლამდე არსებულ კრიზისს ადარებს და მიიჩნევს, რომ სწორედ ამითაა გამოწვეული აშშ-ს სანქციები.

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი