
დამატებითი განმარტებები და ფორმულირებები ვაშინგტონიდან - განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აკეთებს.
დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის კისერზე ყულფი ვაშინგტონში სულ უფრო ვიწროვდება, ცხადი ხდება, რომ ივანიშვილი მზად არის ქვეყანა საბოლოოდ ჩამოაშოროს დასავლურ მომავალს და ქართველი ხალხი, რომელიც უკიდურესად გააღატაკა ბოლო 8 წლის მანძილზე, მზად არის დაუკარგოს ქართველ ხალხს ბოლო იმედი, რაც ჩვენ ასე გვჭირდება და ეს არის სწორედ ჩვენი მეგობრების დახმარება, - აცხადებს სამადაშვილი.
მისი თქმით, მთავრობის წევრები უტიფრად უარყოფენ იმ რეალობას, რომ ამერიკის კონგრესში არსებობს მხოლოდ ერთადერთი დოკუმენტი ბიუჯეტის შესახებ, რომელშიც პირდაპირ არის ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში ფინანსური სანქციის შესახებ. სამადაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტს თან ერთვის ანგარიში, სადაც დეტალურად არის განმარტებული, რას გულისხმობს აშშ, როდესაც საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე ლაპარაკობს. კერძოდ, ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ზეწოლა ოპოზიციასა და მედიაზე და ა.შ.
სამადაშვილი ამტკიცებს, რომ კონგრესი საქართველოს მთავრობას შანს აძლევს, რომ კანონპროექტის ეს ნაწილი არ ამოქმედდეს და ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა ქვეყნისთვის ამ ფინანსური სანქციების თავიდან აცილებისთვის მუშაობდეს, მთავრობის წევრები სრულიად ურცხვ და არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ტექსტი, რომელშიც პირდაპირ არის საუბარი სანქციებზე, დღეს განიხილება კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტზე.
ჩემთვის გასაოცარია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ სანქციის არსებობის შესახებ შეიტყო ტელევიზიიდან, - დასძენს სამადაშვილი.