
მძიმე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები სოფელ ტყვიავში - მოსახლეობას "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი შეხვდა. გიგი უგულავასთან ადგილობრივები ყვებიან, რომ ბოლო წლებია, სოფელში უმუშევრობა და უგზობა მთავარ გამოწვევად იქცა.
მათი თქმით, ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას წლების განმავლობაში პირდება, თუმცა უშედეგოდ. სოფელ ტყვიავის მოსახლეობა კოვიდ 19-სთვის გამოყოფილ დახმარებაზეც წუხს. ამბობენ, რომ ხელისუფლება ერთჯერად დახმარებას პოლიტიკური ნიშნით ანაწილებს.
რვა წელიწადია, არაფერი გაკეთებულა საქართველოში. მაგრად დაიჩაგრა ხალხი. ეს დღევანდელ მთავრობას არ აწუხებს. გლეხის შრომა, გლეხის ტანჯვა, ქართველი ხალხის შიმშილი არ აწუხებთ ამათ. ესენი ფიქრობენ მარტო თავიანთ ჯიბეზე. ეს უნდა შევცვალოთ მთლიანად. "ქართული ოცნება" უნდა წავიდეს. უნდა მოშორდეს საქართველოს, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
თავად გიგი უგულავაც ამბობს, რომ რეგიონებში მოსახლეობას არაერთი პრობლემა აწუხებს. მისივე თქმით, ადგილობრივები საკუთარ მომავალს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვერ ხედავენ.
სამწუხაროდ, ქართლის სოფლებიც არ არის გამონაკლისი. სიდუხჭირე, იმედგაცრუება და ბრაზი ხელისუფლების მიმართ არნახულ ზღვარს აღწევს. ამავე დროს, ხალხი არის იმედიანად და ცვლილებების მოლოდინში. ცვლილებები ერთადერთი წინაპირობაა ეკონომიკის ამოყირავების და ამ გაყინული და ჩამყაყებული სიტუაციის გამოსწორების. ამიტომ, ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად, თავიანთ მომავალს ვერ ხედავენ, - ამბობს უგულავა.
მანამდე კი "ევროპული საქართველოს" ლიდერი სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას შეხვდა - იმყოფებოდა ზემო აჭარასა და გურიაში, ასევე კახეთის სოფლებში. ზემო აჭარის სოფლებში შეხვედრაზე, უგულავამ ერთ-ერთ ოლქში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე წარადგინა.