ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინი დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.
პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმებზეც ისაუბრა, რომელიც რუსეთთან მიერთებას ეხება. ის ამტკიცებს, რომ რუსეთი ბირთვული შანტაჟის ქვეშაა.
"ვსაუბრობთ უცილებელ, გადაუდებელ ნაბიჯებზე რუსეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი თანამემამულეების სურვილისა და ნების მხარდაჭერაზე, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, ასევე დასავლური ელიტების ნაწილის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი დომინირება და ამისათვის ცდილობენ დაბლოკონ განვითარების სუვერენული დამოუკიდებელი ცენტრები, რათა გააგრძელონ თავიანთი ნების უხეში დაწესება სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე. ჩვენი მთავარი მიზანი დონბასის განთავისუფლებაა. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა უკვე ფაქტობრივად გაწმენდილია ნეონაცისტებისგან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში კი ამ დრომდე მიმდინარეობს ბრძოლები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. აი, წამოვიდა ბირთვული შანტაჟი. საუბარია არა მხოლოდ დასავლეთის მიერ წახალისებულ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაზე, არამედ ნატოს ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებებზე რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის - ბირთვული იარაღის გამოყენების დასაშვებობის შესახებ. მათ, ვინც საკუთარ თავს ნებას რთავს, რუსეთზე მსგავსი განცხადებები გააკეთოს, მინდა შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანასაც აქვს სხვადასხვა მასობრივი განადგურების იარაღი და ზოგიერთ კომპონენტში უფრო თანამედროვე, ვიდრე ნატოს ქვეყნებში. და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში, რუსეთის და ჩვენი ხალხის დასაცავად, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას. ეს არ არის ბლეფი. რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ამას: ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. და ვინც ატომური იარაღით გვაშანტაჟებს, უნდა იცოდეს, რომ ქარი შეიძლება სხვა მიმართულებით შებრუნდეს." თქვა პუტინმა.
პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მობილიზაცია ძალაში დღეიდან შევიდა. პუტინის თქმით, გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უკრაინის "გათავისუფლებულ ტერიტორიებზე" მცხოვრები ხალხის დაცვაა.