ცრუ ჩვენება თუ დამალული ინფორმაცია - ახალი კითხვის ნიშნები შაქარაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

ახალი კითხვის ნიშნები შაქარაშვილის საქმეში მეორე მნიშვნელოვანი მოწმის მიმართაც ჩნდება. ირკვევა, რომ ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ დაკითხვაზე იცრუა და არ გაამხილა, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მთელი ღამე მეგობრებთან ერთად გაატარა. ახალი გარემოებებით დგინდება, რომ რამდენიმე ახალგაზრდა, თემქაზე, ერთ-ერთი მეგობრის ბინაში შეიკრიბა და მათთან ერთად იყო ფოტოგრაფიც, რომელმაც ჯერ 112-ს შეატყობინა ჩხუბის შესახებ, შემდეგ გააუქმა გამოძახება და თბილისში პატრულის ეკიპაჟს წამოჰყვა. მაგრამ ამ ტყუილით კითხვის ნიშნები არ ამოიწურება.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც 18 ივნისის ღამით იაკობ ბრეგვაძემ თბილისში, თემქაზე ვაჟა და მარიამ ადეიშვილების სახლში იმავე ფოტოაპარატით გადაიღო, რომელიც დაბადების დღესა და ჩხუბის ადგილას ჰქონდა. ეს ის ღამეა, როცა გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, როცა მცხეთაში ხიდთან ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფოტოაპარატიდან ამოღებული სურათები ადასტურებს, რომ ბრეგვაძემ ჩვენებაში იცრუა. ის ორჯერ გამოიკითხა და ორივეჯერ ამბობს, რომ როდესაც მცხეთიდან პოლიციელებმა თბილისში ჩამოიყვანეს, ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. 

რატომ იცრუა ბრეგვაძემ და რატომ არ თქვა, რომ მცხეთის ინციდენტის შემდეგ გართობა მეგობრებთან ერთად გააგრძელა. "მთავარი არხი" პასუხების მისაღებად ფოტოგრაფთან სახლში მივიდა, მაგრამ მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

თემქაზე, ადეიშვილების სახლში ყოფნას ჩვენებაში არ ახსენებს არც იუბილარი ანა გაბეჩავა. ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ მარიამ ადეიშვილი საუბრობს. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მცხეთიდან წამოსულებმა და ლისზე მისულებმა თემქაზე წასვლა გადაწყვიტეს. გზად იაკობ ბრეგვაძე შეხვდათ და მათთან ერთად წავიდა. ფოტოგრაფისგან ექვსმა პირმა მოისმინა ისტორია, რომელიც ბრეგვაძეს მცხეთაში გადახდა. გაიგეს ისიც, რომ ქათამაძესა და ღიბრაძეს თბილისიდან ჩასული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ისიც, რომ შაქარაშვილი არსად ჩანდა და ეძებდნენ. 

თემქის ბინაში იაკობ ბრეგვაძესთან იმყოფებოდნენ ანა გაბეჩავა, მარი და ვაჟა ადეიშვილები, ლიზი ნადირაძე, მარიამ კვაჭაძე და გიორგი ფოცხვერაშვილი. იცოდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილს უცნობი პირები მისდევდნენ, იცოდნენ, რომ 19 წლის ბიჭი დაიკარგა, ტელეფონი არ ჰქოდა, ვერ უკავშირდებოდნენ, მაგრამ არც ერთმა, არც პოლიციაში დარეკა და ამბავი არც ფეხბურთელის ოჯახს შეატყობინეს. არავინ არაფერი თქვა. იაკობ ბრეგვაძის მიერ თემქაზე ყოფნის დამალვა კი მის მიმართ ახალ კითხვებს აჩენს. 

ფოტომასალა სამართალდამცველებმა ბრეგვაძის ფოტოაპარატიდან ამოიღეს, თუმცა ამ მეხსიერების ბარათზე არ არის მცხეთაში გადაღებული არცერთი ფოტო. აქ ისევ ისმის უკვე არსებული კითხვა, სად არის ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე გადაღებული მასალა, ფოტოგრაფმა იქ არცერთი სურათი არ გადაიღო, თუ შემდეგ წაშალა, თუ წაშალა რატომ, ან იქნებ სამართალდამცველებს მხოლოდ ერთი მეხსიერების ბარათი მისცა? - ამ კითხვებს პასუხი გამოიძიებამ უნდა გასცეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი